საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი სპიკერი პიტერ სტანო Europetime-ს ესაუბრა. ჩვენ დავინტერესდით, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით, აშშ-სთან პარტნიორობის კონტექსტში.
„ამჟამად არ არსებობს ევროკავშირის სანქციების რეჟიმი საქართველოს მიმართ. აშშ-ის სანქციებში მოხსენიებულ ადამიანებთან დაკავშირებით, არც სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. როგორც წესი, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სანქციების დაწესების შესახებ სხვების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ევროკავშირს აქვს საკუთარი საკანონმდებლო ჩარჩო სანქციების მიღებისთვის, რომლებიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, ყოველთვის კონსენსუსის საფუძველზე განიხილება და თანხმდება“, - განუცხადა პიტერ სტანომ Europetime-ს.
ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.