სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტის, ილია დარჩიაშვილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.
„ქართული სასამართლო მოსახლეობაში და საერთაშორისო კვლევებში აღიქმება როგორც ერთ-ერთი მოწინავე. „IPSOS FRANCE-ის“ კვლევის („სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“) მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სამართლიანი, 52% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სანდო და 51% ფიქრობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ხელისუფლების ათწლიანი მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში, პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას უსწრებს.
ამავდროულად, გრძელდება სასამართლო რეფორმაზე მუშაობა ვენეციის კომისიასთან ერთად იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს.
ამ რეალობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“,- აღნიშნავს დარჩიაშვილი.