ამერიკა არ მიატოვებს ქართველ ხალხს, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაც არ მიატოვებს ამერიკას - ელჩი დეგნანი

აშშ-ის ელჩი კონსპირაციის თეორიებს უწოდებს ზოგიერთი წყაროს საშუალებით გავრცელებულ ხმებს, რომ შესაძლოა, კავშირი არსებობდეს, საქართველოში ამერიკის მოქალაქის არშემოშვებასა და გუშინდელ სანქციებს შორის.

„არანაირი კავშირი არ არსებობს, ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რასაც ხშირად მმართველი პარტია იმეორებს, აბნევს საზოგადოებას. ამერიკას საქართველოს დახმარების ხანგრძლივი ისტორია აქვს. რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაფერი არის საქართველოს დასახმარებლად - ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად. ამისთვის ვართ საქართველოში და ამას ვაკეთებთ ბოლო 30 წლის განმავლობაში.

არ არის სასარგებლო, როდესაც საზოგადოებაში ხანდახან ვრცელდება კონსპირაციული თეორები - მცდარი ცნობები, თუ რას აკეთებს ამერიკა. ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკა არ მიატოვებს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენ ამ ურთიერთობის ერთგულნი ვართ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაც არ მიატოვებს ამერიკას“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა „იმედის“ ცნობით.

ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა შეკითხვას, სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა ქომინსის არშემოშვებასთან.

„შეიძლება, კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.