ვის რაში სჭირდებოდა ციხეში ან საქართველოში სააკაშვილი - მეუფე იაკობი

ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში, ან საქართველოში სააკაშვილი, რომელიც ჩვენი დამპყრობლის ინტერესების გამტარებელი იყო ყოველთვის?! - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

 

„დღესაც პატიმარი სააკაშვილი უკრაინის მოხელეა იმიტომ, რომ პრეზიდენტს ჰყავს დანიშნული რაღაცაზე. თუ ჩვენ პარტნიორები ვართ, ცალმხრივია ეს პარტნიორობა? რას ჰგავს ეს? ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს, ან საქართველოში რაში სჭირდება ეგ კაცი, რომელიც ჩვენი დამპყრობლის ინტერესების გამტარებელი იყო ყოველთვის?!

ამერიკა და რუსეთი ფლირტში არიან, ახლოს არიან ერთმანეთთან და ჩამოჰყავთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივანოვი. შევარდნაძეს „დამსახურებულ პენსიაში“ უშვებენ და მოჰყავთ სამი ადამიანი უშუალოდ რუსეთს, ვინც უნდოდა- სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე. ამიტომ ის „ნაცმოძრაობა“ რაც იყო, აბსოლუტად რუსეთზე დამოკიდებული პარტია იყო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.