ელჩი დეგნანი „მეორე ფრონტზე“: 100%-ით სიცრუეა, შემაშფოთებელია, რომ მსგავსი კონსპირაციული თეოროები ხშირად ისმის მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგანაც

„100%-ით სიცრუეა“ - ამ ფრაზით კიდევ ერთხელ უპასუხა ამერიკის ელჩმა „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას. მას ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, რომ კიდევ კეტდება ანტიდასავლური განცხადებები რიგი აქტორების მხრიდან. 

„ამ საკითხზე ძალიან ბევრჯერ გავაკეთე კომენტარი. 100%-ით სიცრუეა, რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება მაშინ, როცა ბოლო 30 წელია, ვმუშაობთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს.

ვმუშაობთ სასაზღვრო პოლიციასთან, რომ ქვეყანა გაძლიერდეს. რატომ უნდა გვინდოდეს, რისკის ქვეშ დავაყენოთ საქართველო. ძალიან შემაშფოთებელია, რომ მსგავსი კონსპირაციული თეოროები და ტყუილი ხშირად ისმის და მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც იმეორებენ. განსაკუთრებით მათ იციან ეს, რომ 100%-ით სიცრუეა“, - განაცხადა ელჩმა.