პრეზიდენტი: მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ ნუ გავიბუტებით, ნურც გვიხარია, გავაანალიზოთ, რა მოხდა

„არ მიხარია და განვიცდი ამერიკის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას, არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებულთა სიაში. თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება, და იმის მიუხედავად, რომ განცხადება ხაზს უსვამს ქვეყნის მხარდაჭერას, ზიანდება ქვეყნის იმიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სისტემის ჩამოყალიბებაში.

„ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. საზოგადოებამ კარგად იცის, რა და რატომ არ გაკეთდა, ამიტომაც სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას, პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას, ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი შიშობს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ევროპაში ნეგატიური სიგნალი.

„ამიტომ, არც ნიშნის მოგების დროა და არდ თავის მართლების. ჩვენზეა, ყველაზე, ქვეყნის იმიჯის გამოსწორება. თუ არ გვინდა, რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, იქნება ეს სრული გამოძიება თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას და მის მიმართ ნდობას. ქვეყანა ამას არ იმსახურებდა და არ იმსახურებს იმას, რომ პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს. არც შიდა ძალებს შორის და არც საერთაშორისო მეგორებთან ურთიერთობაში. მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ ნუ გავიბუტებით, ნურც გვიხარია. გავაანალიზოთ რა მოხდა.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, სავიზო აკრძალა შეუშლის თუ არა ხელს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი, შესაძლებლობა და შანსი, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე ბრალდებებს. ეს არის შანსი, რომ საქართველომ წარმოადგინოს მტკიცე ერთგულება, დააფუძნოს რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა“, - აღნიშნა ელჩმა.