საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა. დღეს 9 აპრილს მიმდინარე ღონისძიებას სხვადასხვა პროფესიის ქალები ესწრებიან.
„საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის ნანა მალაშხია დაჯილდოვდეს ღირსების მედლით. საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის ნანა მახარაძე დაჯილდოვდეს ღირსების მედლით“, - ითქვა ღონისძიებაზე.
პრეზიდენტის შეფასებით, ნანა მახარაძის სურათი გასცდა ჩვენს საზღვრებს და მთელ მსოფლიოში მას იცნობენ, როგორც 9 აპრილის სახეს. მეორე - ნანა მალაშხია, რომელიც ასევე გახდა საქართველოს ევროპული მომავლის სახე და გავიდა ჩვენ საზღვრებს გარეთ და ამით დავანახეთ, რა უნდა საქართველოს“.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ღონისძიებას მასპინძლობს, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს 9 აპრილს უკავშირდება და რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებიან.