პრეზიდენტი: ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი

ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი - მოძრაობა თუ იქნება, ეს იქნება თქვენი მოძრაობა, მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი, არც ორიენტაცია შემიცვლია, - განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა. ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.

„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე აქ მე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი. დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი. არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის.

დროა, ჩვენ ერთად ვიყოთ და ვთქვათ არა დაყოფაზე!

ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ 9 აპრილს ვზეიმობთ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარ თარიღს?! როცა პრეზიდენტი იწვევს, სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ, იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი.

ჩვენ თუ ავაშენებთ, ჩვენ ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდევაც”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დღეს მიწვეული იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები და ეძღვნებოდა 9 აპრილის თარიღსა და საქართველოს ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერას.

პრეზიდენტის ორგანიზებულ შეხვედრას მმართველი პარტიის წარმომადგენელი ქალები არ ესწრებოდნენ. ამასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიიდან კომენტარი გააკეთა ნინო წილოსანმა.

„ვფიქრობ იმ გამოსვლის მერე, რაც პრეზიდენტს პარლამენტში ჰქონდა; რამდენჯერაც ტყუილი ბრალი დასდო საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას რუსულ რიტორიკაში, ჩემი ადგილი მის მხარდამჭერ ღონისძიებებში არ არის“, - უპასუხა რადიო თავისუფლებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.