„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტთან აქციას - „ერთად ევროპაში“ მართავს

„ერთად ევროპაში“, - ხსენებული სლოგანით პარლამენტის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს.

დღევანდელი აქციის შინაარსი ევროპისკენ საქართველოს სვლას და 12 პრიოროტეტის შესრულებას ეხება.

აქციაზე არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

შეკრებილებს მიმართავენ პოლიტიკოსები.


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება იქნება.

„9 აპრილის აქცია უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ცხადია, ლაზარე არის ადამიანი, ახალგაზრდა, რომელიც იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და შეუძლებელია სხვანაირად იყოს 9 აპრილის აქცია, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ჰყავდეთ ტუსაღობაში აყვანილი, როგორც სიმბოლო ევროპული მომავლისთვის ბრძოლის და ამასობაში, ჩვენ მთავარ მოთხოვნად არ დავაყენოთ ლაზარეს გათავისუფლება.

ცხადია, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ აქციაზე, ისევე როგორც ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიღება, ვგულისხმობ, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, სადაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, დეოლიგარქიზაციაზე, სადაც საუბარია, რომ პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და მეტიც, მივესალმები ამ ინიციატივას და ვფიქრობ, რომ ეს აქცია იქნება ზეპარტიული, ეროვნული დღე 9 აპრილი, როცა ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი ევროპული მომავლისთვის კიდევ ერთხელ, ურყევად უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ერთმანეთი არ უნდა დავტოვოთ მარტო", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

აქციას რუსთაველის მეტროდან მსვლელობით შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტილია.