პრემიერი აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე: არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, 4 ტალღის რეფორმის შედეგია ის, რომ დღეს სასამართლო აბსოლუტურად სამაგალითოა მთელ ევროკავშირში. მისივე თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეები სამართალს პოულობენ ქვეყანაში, რადგან სტრასბურგში გაგზავნილ საჩივართა რაოდენობამ იკლო.

„მე ვამაყობ სასაამართლოთი, მოსამართლეებით, რომლებიც იცავენ ეროვნულ პოლიტიკასა და სუვერენუტეტს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა და პირობა დადო, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ყველაერს გააკეთებს.

შეკითხვას, იგეგმება თუ არა კიდევ ერთი შეხვედრა მოსამართლეებთან, პრემიერი პასუხობს:

„მაქსიმალურად ვერიდებით ზედმეტ კონტაქტსაც კი, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სასამართლოს, მაქსიმალურად გვაქვს შემცირებული კონტაქტები, შეხვედრები და ასე შემდეგ. თუ სურვილი იქნება და კონკრეტულ საქმეს შეეხება, მზად ვარ, გავიზიარო მათი წუხილები და დავგეგმოთ, რა შემდგომი ნაბიჯები შეგვიძლია, გადავდგათ ერთად“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მისთვისაც სიურპრიზი იყო და არასდროს მოუსმენია, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა.

  • თუ ასეთი ფაქტები ვინმეს აქვს, ყოველთვის მზად ვართ, მოვისმინოთ, მაგრამ მიუღებელია და დაუშვებელია, სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა, ან ნებისმიერი განცხადება, ქმედება თუ გადაწყვეტილება, რომელიც აღქმას შექმნის, განცდას შექნის სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევის. ხელისუფლებები, მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ სასამართლოს დამოუკიდებლობა. ყველა ქვეყანაში ერთგვარი ტაბუა, რომ არ შეიძლება, მიუღებელია, უკანონოა, მოსამართლეზე ზეწოლა და სასამართლოში ჩარევა. ჩვენ ამ პოლიტიკას მივყვებით, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ. ჩვენი საერთო სურვილია, კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი, თავისუფალი ძლიერი სასამართლო გვქონდეს.

„არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს...შესაბამისად, ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა და გაუგებარია“. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა, გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და არცერთი პასუხ გაუცემელი კითხვა არ დარჩება. ამის მჯერა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე ელის, რომ აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ამ გადაწყვეტილებას "შეცდომა" უწოდა.


ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.