ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ გართულებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზეც გვქონდა შესაძლებლობა, მოსაზრებები გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„მინისტრ ოსმანს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია, რაც თავადაც კარგად მოეხსენება, ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებების შესახებ და ასევე ცალსახად აღვნიშნე, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის. ძალიან გვახარებს, რომ ორ სამინისტროს შორის დავიწყეთ ინტენსიური დიალოგი, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიის განვლილი გზა, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ისე ნატო-ს მიმართულებით, ძალიან ღირებულია ჩვენთვის. მადლობელი ვარ და დღესაც მივიღე ჩემი ძვირფასი კოლეგისგან მზაობა, რომ ცოდნის და გამოცდილების ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მხარდაჭერას. იმედი მაქვს, რომ მომავალში გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ამ მიმართულებით და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გამოვთქვით ინტერესი და გვაქვს სურვილი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ მეტად გაძლიერდეს და გაღრმავდეს. ეუთო-ს თავმჯდომარეს აღვუთქვი, რომ საქართველო გააგრძელებს არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ეუთო-ს სამივე განზომილების ფარგლებში.
მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ ეუთო-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზაცია, როგორც მანამდე, მომავალშიც გააგრძელებს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეს მნიშვნელოვანი პროცესი იქნება მხარდაჭერილი. საქართველო გააკეთებს ყველაფერს, რომ ორგანიზაციის ფარგლებში პარტნიორებთან ერთად იმუშაოს აქტიურად ძირითადი პრიორიტეტების შესრულების და განხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილი.