საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბუიარ ოსმანისთან რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, როგორც გამოწვევას რეგიონის, ევროპის უსაფრთხოებისათვის და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ეუთოს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მათ შორის, იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეუთო დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, არსებითი რეფორმების გატარების თვალსაზრისით ახორციელებს, რაც ესოდენ აქტუალურია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის განსაკუთრებით, ახლა, როცა ქვეყანა კანდიდატობის მოლოდინშია.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა, კიდევ უფრო გაძლიერდეს მხარდაჭერა ქვეყნის ინსტიტუციური რეფორმების კუთხით.