„ტერორისტული თავდასხმის“ ფონზე, ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნა. ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

ქვეყნის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან, ლიბანიდან და სირიიდან ბოლო დღეებში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უთანხმოება გვერდით გადადო და თავდაცვის მინისტრთან ერთად 24 საათის განმავლობაში ყველა ფრონტზე მუშაობს.

10 აპრილს, ისრაელის მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ქვეყანა ტერორისტული თავდასხმის ქვეშაა.

„ჩვენი ქვეყანა ტერორისტული თავდასხმის ქვეშ იმყოფება. მაგრამ ეს ახლა არ დაწყებულა. წინა ხელისუფლების პირობებში ტერაქტების რაოდენობა გაორმაგდა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან 26 მარტს გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც გალანტმა მასობრივი საპროტესტო აქციების გამომწვევი სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა და მთავრობას მოუწოდა, შეეჩერებინა ეს რეფორმა.