ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის საკითხები.
„ფინანსთა მინისტრმა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ სანქციების განხორციელების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი აქტივობები ამ კუთხით, კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო რეგულაციების აღსრულების მიმართულებით.
როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვების უფლება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის ორ თანამშრომელს მიღებული აქვს სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, ასევე, დადებითი შეფასება მიეცა საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს“, - აღნიშნავს ქართული მხარე.
მხარეებმა, ასევე მიმოიხილეს აშშ-ის ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისთან (OTA) პარტნიორობის საკითხები, რომელიც მოიცავს, როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო და აუდიტის სფეროებს.
შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი.
დღესვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა.
ფინასთან სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პირობის შესრულებასა და ამ კონტექსტში რეფორმების გატარების კუთხით არსებულ ვითარებას.
„ფინანსთა მინისტრმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, ასევე, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის შესახებ.
ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სხვადასხვა სექტორში ევროკავშირის მიერ გაწეულ მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ენერგეტიკული კავშირების გაძლიერების და ამ კუთხით, შავი ზღვის ელექტრო წყალქვეშა კაბელის მშენებლობის მნიშვნელობაზე.