პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება - პაპუაშვილი

ოპოზიციამ რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორე მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი, რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების მივლინების გამო პლენარული სხდომის გადადებაზე საუბრისას განაცხადა.

„როგორც იცით, 2 დღის წინ, პარლამენტის 46-მა დეპუტატმა პრეზიდენტს მიმართა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავადვე აერიათ თვლაში და მიმართეს პრეზიდენტს, აღარ ჩაენიშნათ. თავად ოპოზიცია, რომ არასერიოზულად იქცევა, ამას შეჩვეული ვარ, მერამდენედ ვუთითებ, რომ რეგლამენტს გაეცნონ, ნაცვლად იმ ისტერიისა, რასაც აწყობენ, საკუთარი ცოდნის გაღრმავებისთვის დახარჯონ რამდენიმე წუთი.

ოპოზიციამ საკუთარი რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავის თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორე მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი.

რეალურად, სხდომა უნდა ჩატარდეს 48 საათის განმავლობაში, თუმცა, აქაც უმრავლესობამ, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ პარლამენტის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნითაც, მომმართა მე, რომ ისინი არ დაესწრებიან სხდომას, შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ კვორუმი არ იქნება. აქედან გამომდინარე, აზრს კარგავს რეგისტრაციის ჩატარება და სხდომის ჩატარება. რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს.