პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროპული ქვეყნები დავით კეზერაშვილს საქართველოს გადმოსცემენ.
„რაც შეხება BBC-ის სტატიას კეზერაშვილთან დაკავშირებით, რაზეც უკვე დიდი ხანი იყო საუბარი, თაღლითური სქემა, რომელიც „ქოლ - ცენტრებით“ იყო აწყობილი და პენსიონერების გაღლეტით იყო დაკავებული, ვხედავთ, რომ არის რეპორტაჟი BBC-ზე, ამაზე გვაქვს ჩვენც საუბარი.
კიდევ ერთხელ მტკიცდება, თუ რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ამ ადამიანს, კეზერაშვილს ვგულისხმობ, იფარებს ევროპა. ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს მედიებს, არასამთავრობო სექტორს. ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოჰპარა 5 მილიონი, შემდეგ პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა, ეს ადამიანი დღეს პირდაპირ ჩართული არის ფინანსებით ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და არასამთავრობო სექტორში.
ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ. სამწუხაროა, რომ იგივე შეცდომის გამეორება ხდება, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იყო დაშვებული, როდესაც ევროპის ქვეყნებს იყო შეფარებული და იქიდან უყურებდა აქ არსებულ სიტუაციას. ახლა სწორედ დავით კეზერაშვილი არის შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს საქართველოში სიტუაციას. იმედი მაქვს, ევროპული ქვეყნები ამ საკითხს სერიოზულად შეხედავენ და დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა იმისთვის, რომ მან მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.