რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც მოთხრობილია „კონტრდაზვერვითი ღონისძიებების“ შესახებ. ის ამტკიცებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ცდილობენ, აფხაზეთის მცხოვრებლების ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართვას.
გამოქვეყნებულ მასალაში ნაწილობრივ საუბარია ქრისტინე თაკალანძის საქმეზე, რომელსაც დე ფაქტო პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინა.
გარდა ამისა, ამტკიცებენ, რომ საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომელი ჯანო ძაგანია აფხაზეთის ორი მცხოვრების - ჯესიკა შენგელიას და ირმა ხუხუას „გადაბირებას ახდენდა“.
ერთ-ერთი მცხოვრები ვიდეოში ჰყვება, რომ ძაგანიამ მას სთხოვა, ფოტოები გადაეღო ოჩამჩირის სამხედრო ნაწილისთვის, ასევე, გალსა და სოფელ ილორში მდებარე ობიექტებისთვის. როგორც ის ამბობს, თავად გადაწყვიტა, აფხაზეთის „სახელმწიფო უშიშროების სამსახურისთვის“ ინფორმაციის მიწოდება.
ოკუპირებულ სოხუმში ამბობენ, რომ მათ თავიდან აიცილეს „აფხაზეთის ნაციონალური ინტერესების წინააღმდეგ“, საქართველოს სპეცსამსახურების მიერ მიტანილი ზიანი.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, აუცილებელია კანონის გამკაცრება.
24 წლის ქრისტინე თაკალანძეს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობას“ ედავება. ის სოხუმში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება გალის რაიონში ე.წ. აფხაზეთის დროშის გამოსახულებიანი ბანერის დაწვის მცდელობისთვის დაკავებული ირაკლი ბებუა.
წყარო - რადიო თავისუფლება