სახელმწიფო დუმა სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ კანონპროექტს ავტორებს დაუბრუნებს, მათ შორის 3 გარდაცვლილია

22 წლის წინ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსიდან სიკვდილით დასჯის ამოღებას ითვალისწინებდა, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორებს დაუბრუნდებათ.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი სიკვდილით დასჯას დღესაც ითვალისწინებს, თუმცა, მის გამოყენებაზე 1996 წლიდან მორატორიუმია გამოცხადებული.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები სიკვდილით დასჯის აღდგენისკენ. ამ იდეას მათ შორის ყველაზე აქტიურად უჭერს მხარს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი.

კანონპროექტი 2001 წელს, მესამე მოწვევის პარლამენტს წარუდგინა დეპუტატთა ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ ეგორ გაიდარი, ბორის ნემცოვი და სერგეი კოვალიოვი.

რუსეთის ეკონომიკური რეფორმების ავტორი ეგორ გაიდარი 2009 წელს გარდაიცვალა. „მემარჯვენე ძალთა კავშირის“ ლიდერი ბორის ნემცოვი 2015 წელს, მოსკოვში მოკლეს.
უფლებადამცველი სერგეი კოვალიოვი კი, 2021 წელს გარდაიცვალა.

კანონპროექტის ინიციატორთა შორის იყვნენ: ირინა ხაკამადა, ბორის ნადეჟდინი და პაველ კრაშენინიკოვიც.

ადრე ნემცოვის თანაპარტიელი კრაშენინიკოვი ერთადერთია, ვინც ისევ დუმის დეპუტატია და ახლა ის „ედინაია როსიას“ წარმოადგენს.