რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სააღდგომოდ გაუხსნის ჯავის და ახალგორის რაიონების მცხოვრებთ. გადაწყვეტილება დღეს, 13 აპრილს მიიღეს ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა.
პერევის და რაზდახანის(მოსაბრუნი) ე.წ. გამშვები პუნქტები 14 აპრილს, დილის 8 საათზე გაიხსნება და 18 აპრილს, საღამოს 8 საათზე დაიკეტება. როგორც ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რესი“ წერს, გადაწყვეტილება მიღებულია ჯავის და ლენინგორის(ახალგორი) რაიონებში მცოვრები მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ოსური მხარისგან „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, 14-18 აპრილს, ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას შეძლებენ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული „საშვის“ მქონე მოქალაქეები.
აღდგომის დღესასწაულისთვის, რომელიც 16 აპრილს აღინიშნება, მოქალაქეების თავისუფლად მიმოსვლის საკითხი თბილისის სამთავრობო დელეგაციამ მარტში დააყენა ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.
წყარო - რადიო თავისუფლება