პრეზიდენტი: ვიმედოვნებ, ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა, საქართველოსთვის ღია იქნება

კიბო არ უნდა იყოს მომაკვდინებელი მხოლოდ იმიტომ, რომ იბადები ნაკლებად პრივილელგირებულ საზოგადოებაში”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინფორუმზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, ევროპის მთელ რეგიონთან გააერთიანოს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა.

"სამწუხაროდ, კიბოთი დაავადებულ ქართველ ბავშვებს, ჯერ კიდევ უწევთ საზღვარგარეთ მკურნალობის გზების ძიება. მე ასევე ვიმედოვნებ, და არამარტო ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა, რომლის წარდგენა ხდება დღეს ევროკომისიის მიერ - ღია იქნება ასოცირებული პარტნიორებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ კიბოს ამ გეგმის ნაწილი და საქართველო მზადაა ევროპის მთელს რეგიონთან გააერთიანოს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროპულ ფორუმზე.

პრეზიდენტის განცხადებით, მაშინ როცა, ჩვენ ვგლოვობთ Covid19-ით გარდაცვლილებს, ჩვენ მხედველობაში ისიც უნდა ვიქონიოთ, რომ კიბო ჯერ კიდევ სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზია მსოფლიოში”,

„კიბო უნივერსალური ტვირთია და Covid19-ის პანდემიამ ფართომასშტაბიანი გავლენა იქონია კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე.

ჩვენ ასევე აღვნიშნავთ, რომ ევროპის ქვეყნებში არაერთგვაროვანი შესაძლებლობები გვქონდა კიბოს სერვისებთან მიმართებაში და პანდემიამ ეს უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმავა. როდესაც ვსაუბრობ თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, ბავშვთა კიბო ჯერ კიდევ სერიოზული, დასაფიქრებელი საკითხია ჩვენს ქვეყანაში, ზოგიერთ პატარა ასაკის ქართველ პაციენტს ჯერ კიდევ უწევს, რომ საზღვარგარეთ ეძებოს კიბოს მკურნალობის გზები, რაც არამარტო ძვირადღირებულია, არამედ ემოციურად მძიმეა მათთვის და მათი ოჯახებისთვის.

სწორედ ამიტომ, მე განვსაზღვრე ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის გზები ჩემს ერთ-ერთ, მაღალი რანგის პრიორიტეტად და გადავწყვიტე, რომ მოვახდინო ბავშვებისთვის კიბოს დიაგნოსტიკის და მკურნალობის ყოვლისმომცველი შესაძლებლობების შექმნის ადვოკატირება აქ, საქართველოში.

კიბო არ უნდა იყოს მომაკვდინებელი მხოლოდ იმიტომ, რომ იბადები ნაკლებად პრივილელგირებულ საზოგადოებაში”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდეტმა ევროპულ ფორუმზე.

სალომე ზურაბიშვილმა კიბოს პრევენციის კუთხით საქართველოში გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2013 წლიდან, საქართველომ ჯანმრთელობა პოლიტიკურ პრიორიტეტად გამოაცხადა და შეუერთდა გლობალურ ძალისხმევას ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით.

მისი თქმით, კიბოს პანევროპული ინიციატივა შეიძლება უდავოდ მძლავრი ინსტრუმენტი იყოს მეტი თანასწორობის მისაღწევად სრულიად ევროპის მასშტაბით.

„მე ვთვლი, რომ პოლიტიკური ლიდერშიფი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია კიბოსთან წინააღმდეგ ბრძოლაში და მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე შეხედულება, თუ როგორ ვუპასუხოთ ამ საერთო გამოწვევას:პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი მიდგომა, მთავრობის და საზოგადოების სრული ჩართულობით. ჩვენ გვჭირდება სისტემური პოლიტიკა - პრევენციიდან პალიაციამდე. და ამისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის უნიკალური გადაჭრის გზები ნამდვილად ერთ-ერთი მიმართულებაა.

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა.