BBC-ის ფაქტები, სადაც კეზერაშვილია ნახსენები, მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია - ვოლსკი

ფაქტები, სადაც ნახსენებია კეზერაშვილის გვარი, მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„არ შეიძლება, წინასწარ ილაპარაკო დანაშაულზე, როდესაც სასამართლოს მიერ არ არის დადასტურებული, მაგრამ ფაქტია, ეს არ იყო უბრალო ჟურნალისტური გამოძიება. ჩვენ არ ვეყრდნობით მხოლოდ „ბიბისის“ მაღალ საერთაშორისო რეიტინგს.

ეს არის გამოძიება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თანაც ხორციელდებოდა გამოძიების პარალელურად, რომელსაც ატარებდა მაღალი კომპეტენციის მქონე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი. ასე რომ, ფაქტები რაც დაიდო, სადაც ნახსენებია კეზერაშვილის გვარი, რასაკვირველია, არის მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი. განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსების, ცალკეული პიროვნებების ან თუნდაც მედიასაშუალებების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან ამ კონკრეტული წყაროდან. ახლო პერიოდში ამ ფულს შეიძლება უკვე ოფიციალურად დაერქვას ბინძური ფული. მით უმეტეს, რომ ბინძური ფული უკვე არსებობს ამ გაერთიანებაში, მედიისა და პოლიტიკოსების გაერთიანებაში და მისი წარმოშობა უკავშირდება სახელმწიფოს, კონკრეტულად ჯარის ბიუჯეტის ძარცვას“, – აღნიშნა ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხთან.