- „მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს“
საერთაშორისო თაღლითურმა ქსელმა ინვესტორებს მილიარდობით დოლარზე მეტი მოპარა. ამ შინაარსის საგამოძიებო სტატია სათაურით - „მილიარდიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალზე“, BBC-მ გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოცემამ დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითური სქემის უკან დგანან.
BBC-ის ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად.
5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც მითითებულები იყვნენ როგორ Milton-ის სავაჭრო პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად. BBC -მ ამ ადამიანებიდან ოთხს: ჭელიძის, გოგეშვილის, მგელაძისა და ბენიმინის გვარებს „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტებშიც მიაგნო.
- სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას ასახავს და მასში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ ფიგურად არის მოხსენიებული.
სტატიის თანახმად, კომპანიები, რომელთა დირექტორებად აღნიშნული პირები არიან დასახელებულები, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს უკავშირდება. ამასთან, კეზერაშვილი იმ ქსელის ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც საქმე „მილტონის ჯგუფს" ეხებოდა.
ავტორები წერენ, რომ არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს Milton-ის ქსელთან დააკავშირებდა, თუმცა „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტების მიხედვით, ის დასახელებული იყო ქსელში არსებული კომპანიების მშობელი კომპანიების დამფუძნებლად ან ერთ-ერთ საწყის აქციონერად.
სტატიის თანახმად, კეზერაშვილი ხშირად ახდენს თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალური ქსელის პირად ანგარიშებზე.
BBC წერს, რომ შეძლო, ეპოვნა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებდა.
„Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული“, - წერს BBC.
BBC-ის ცნობით, დავით კეზერაშვილმა თავისი ადვოკატების მეშვეობით უკვე უარყო ნებისმიერი კავშირები Milton group-თან და ამ გზით ფინანსური მოგების ქონა, თუმცა გამოცემასთან საუბრისგან თავი შეიკავა.