ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

„საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, – აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის“, - ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია საუბარი.

„შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას.
ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს
მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“
ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო,
მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით.
ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით.
ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა.
ქრისტე აღდგა!
ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე“.