ევროკავშირის კომპანიები შავი ზღვის კაბელების პროექტში ჩაერთვებიან და საქართველოსთან მჭიდროდ იმუშავებენ - ანალიზი

რუმინეთი ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ ისარგებლოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის შედეგად ენერგიის მიწოდებით. ამბობს ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორი, რადუ კარპი. მისი თქმით, ეს პროექტი აჩვენებს, რომ ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შეუძლია, ძალიან კარგად იმუშაოს ორ არაწევრ სახელმწიფოსთან - აზერბაიჯანთან და საქართველოსთან.

  • „ვფიქრობ, ევროკავშირი ახლა აცნობიერებს შავი ზღვის რეგიონის, როგორც ენერგეტიკული ჰაბის მნიშვნელობას“, - განაცხადა კარპმა. 
პოლიტოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის წარმომადგენლების პირველი მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც თბილისში გაიმართა, არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი: „ახლა მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელი მზად არის ასაშენებლად“.

ექსპერტი აქვე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამ პროექტში ევროკავშირის ბევრი მნიშვნელოვანი კომპანია ჩაერთვება, რაც ძალიან კარგი ასპექტია შავი ზღვის რეგიონისთვის.

„ეს კომპანიები უფრო მჭიდროდ იმუშავებენ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ექსპერტმა.

მას მიაჩნია, რომ ამ ენერგეტიკულ ჰაბში მოლდოვის ინტეგრაციის უზარმაზარი შესაძლებლობა არსებობს.


2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.