ოკუპირებულ ცხინვალში, ორშაბათს საღამოს დანით მიყენებული ჭრილობების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა 38 წლის სოსლან ვალიევი. შშმ პირის მკვლელობას სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ცხინვალები ბრალდებულის სასწრაფოდ დაკავებას მოითხოვდნენ.
ვალიევს სასიკვდილო ჭრილობა ქუჩაში დანით მიაყენეს. საინფორმაციო სააგენტო „რესის“ თანახმად დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეჭვმიტანილის მიმართ ძებნა გამოაცხადა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა კი შუაღამით, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი მოიწვია და მკვლელობაში ბრალდებულის სასწრაფოდ დაკავება მოითხოვა.
„დიდი ტრაგედია მოხდა. თუ სიუკაევი დამნაშავეა და კვალი მისკენ მიდის, მიწაშიც რომ იყოს ჩამძვრალი, აუცილებელია მისი იქიდან ამოყვანა. ვინც მას ხელი დააფარა და მისი მანქანა გადამალა ყველა დააკავეთ. თუ სამძებრო ღონისძიებებისთვის ხალხი არ არის საკმარისი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და OMON-ი დაგეხმარებათ. ეს არის რეზონანსული შემთხვევა“, - განაცხადა გაგლოევმა.
მანამდე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინცინდენტში მონაწილე ორი პირი უკვე დაკავებული ჰყავდა, მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი სიუკაევის მიმართ კი ძებნა იყო გამოცხადებული. ამის შესახებ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ალან გუჩმაზოვმა განაცხადა.
რამდენიმე საათის შემდეგ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი სიუკაევი დააკავა, რომლის მიმართაც საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სიუკაევი ჩვენებას დე ფაქტო პროკურატურის გამომძიებლებს აძლევს.
წყარო - რადიო თავისუფლება