კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაცია არ გაიარა, რაც მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად" შეაფასა.
„საპარლამენტო უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ რეგისტრაციის დაწყების წინ.
დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილი იყო სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვა დარღვევების შემსწავლელი საორგანიზაციო კომისიის შექმნა.