ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში შენობები ახლად აშენებული კაშხლის წყლებშია ჩაძირული, ძველი დასახლების მცხოვრებლების ევაკუაცია ოლქის ისტორიაში მეშვიდედ მიმდინარეობს.
თურქული გამოცემა Hurriyetdailynews-ი წერს, რომ ახლა წყლის დონე კვლავ იმატებს იუსუფელში, თურქეთის უმაღლეს კაშხალში, სადაც წყლის შეკავების პროცესი გასული წლის 22 ნოემბერს დაიწყო.
კაშხლის წყალი გარშემორტყმულია მიტოვებული შენობებით, ქუჩებითა და ხიდებით, ხოლო ძველი დასახლება ახლა მთლიანად მოწყვეტილია მიწას.
„ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი მოგონებები, ყველაფერი რამდენიმე დღეში დაიტბორება", - ეუბნება ადგილობრივი თურქულ გამოცემას.
გამოცემისვე ცნობით, ამჟამად დასრულებულია რაიონში მცხოვრები ათასობით ადამიანის ახალ დასახლებებში გადაყვანის პროცესი და ვიდრე რაიონიდან წასულები ახალ დასახლებებთან შეგუებას ცდილობენ, დიდი აურზაურია სხვა უბნებშიც, სადაც წყალმა ადიდება დაიწყო. ძველ მცხოვრებლებს ბრძოლა უწევთ, რომ თავიანთი ცხოველები და სახლებში დარჩენილი ნივთები გადაარჩინონ.
დატბორილ რაიონში მეცხოველეობით დაკავებული ალი სუჩუ გამოცემასთან საუბრისას წუხილს გამოთქვამს, შეძლებს თუ არა ცხოვრების გაგრძელებას იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ახლახან დასახლდნენ.
„15 პირუტყვი მყავს. მუნიციპალიტეტმა ბეღელის გასაშენებლად ადგილი გამოყო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება პრობლემის მუდმივი გადაწყვეტა“, - განაცხადა თურქმა მოქალაქემ.
ისტორიკოსი ბუბა კუდავა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ართვინიდან, ამბობს, რომ არამარტო ქალაქი, არამედ მიმდებარე 20 სოფელი აღმოჩნდება წყლის ქვეშ.
„მიმდინარეობს დატბორვის პროცესი, ეს თვალხილულიც არის, ერთ დღეს რომ შეხედავ, მეორე დღეს ჩანს, რომ მომატებულია. დაახლოებით, მეტრნახევრით იწევს ყოველდღიურად“, - ამბობს კუდავა „ტვპირველთან“.
კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილია. კითხვას თუ რა იტბორება, ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ჰამზეთის მცირე ზომის ეკლესია, რომელიც უკვე წყლის ქვეშ აღმოჩნდა და ის იუსუფელთან ახლოს იყო, გარეუბანში. მეორე - ეს არის ჭალის ეკლესია, კავკასიძეების ციხე და ეკლესია.
„დიდ ტაძრებს არ ემუქრება საფრთხე - იშხანი, ოთხთა პარხალი, რომლებიც ამ რაიონში მდებარეობს, საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ნესტი მოიმატებს. ამავე დროს, ახალი იუსუფელი აშენდა, სადაც გადავიდნენ ძველის მცხოვრებლები, მათ შორის ქართველები, ეს არის თანამედროვე პუნქტი, სადაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჯერჯერობით სასტუმრო არ არის, თუმცა ესეც აშენდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
Hurriyetdailynews-მა 2013 წელს გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „იუსუფელი - უნიკალური ადგილი მოსანახულებლად".
„თუ გსურთ მოინახულოთ უნიკალური და განსაკუთრებული ადგილი თურქეთში, გირჩევთ წასვლა იუსუფელში შავი ზღვის პროვინცია ართვინში. იუსუფელი, ართვინიდან 55 კილომეტრში, არის ადგილი, სადაც ღირს მინიმუმ ერთი კვირის გატარება, რადგან ბევრი რამ არის სანახავი და გასაკეთებელი. იქ ნამდვილად არ მოგბეზრდებათ“, - წერდა ავტორი.
2018 წლის მაისში, მშენებარე კაშხალი მზად იქნება. როდესაც დასრულდება, იუსუფელის კაშხალი, ეს იქნება თურქეთის და მსოფლიოს მესამე ყველაზე მაღალი კაშხალი. წყალი კი, რომელიც აავსებს იუსუფელის ხეობებს, გაანადგურებს უამრავ ძველ ულამაზეს სოფელს და ისტორიულ ადგილს. სტატიის ავტორი აქვე ცუდ ამბავზე მიუთითებს: ვინც ამ ძეგლების მონახულებას დაგეგმავს, უნდა იჩქაროს, რადგან როდესაც დასრულდება კაშხლის მშენებლობა, წყალი, გადმომავალი წყალი გაანადგურებს უამრავ ძველ ულამაზეს სოფელს და ისტორიულ ადგილს.
სტატიის ავტორი ბოლოს სოლეფ თექალეში ჩადის.
„ნახევარი საათის სწრაფი გასეირნების შემდეგ ტაძარს ვხედავ. ეს მონასტერი აშენდა მე-10 საუკუნის დასაწყისში და იყო ამ რეგიონის ოთხი ეკლესიადან ერთ-ერთი. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ერთი დარჩა. ეკლესია და სხვა ნაგებობები აშენდა ბაგრატ მეფის დროს. ის ასახავს რეგიონის ტიპიურ შუა საუკუნეების მონასტრის ნიმუშს. ამიტომ ეს ადგილი გახდა წმინდა ადგილი მრავალი ქართველისთვის, რომლებიც დღემდე სტუმრობენ ამ და რეგიონის სხვა ეკლესიებს“, - წერია სტატიაში.
მაშინ შიშობდნენ, რომ წყლის ქვეშ სავარაუდოდ, ქართული ტაძრებიც მოექცეოდა, მათ შორის ახალთას ტაძარი. ასევე წყლით იფარებოდა სოფელ კოწახურის ჭალის ღვთისმშობლის ტაძარი. ამ ტაძარს დღემდე ფრესკები აქვს შემორჩენილი.
„ჭალაში ჩვენ ვიყავით ბოლო სტუმრები, მიუახლოვდა უკვე წყალი - ნიადაგის დონემდე წყალს 8 მეტრი აშორებს. სავარაუდოდ, ორ კვირაში წყლის ქვეშ აღმოჩნდება. ეს არის მცირე ზომის ეკლესია, კარგად შემორჩენილი, სადაც რესკონსტრუქცია მთლიანობაში იკითხება“, - აღნიშნავს უკვე დღეს ბუბა კუდავა. მისივე თქმი, ასეთია 20-30 ძეგლი.
ინფორმაციისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის უდიდესი კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური ოფიციალურად 2022 წლის ნოემბერში გახსნა.
თურქული მხარის მიერ გავრცელებული ოფოციალური ცნობების თანახმად: წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრს აღწევს, რაც ასსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. წყლის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 130 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს; ახალი ჰესი 1,9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც თურქეთს წლიურ შემოსავალს 5 მილიარდ ლირას მოუტანს.
იუსუფელის კაშხლის ექსპლუატაცია ართვინის, დერინერის, ბორჩკასა და მურათლის ხელოვნური რეზერვუარებით დარეგულირდება, რაც ანატოლიის სამხრეთ-აღმოსავლეთში ელექტროენერგიის წარმოებას გაზრდის. თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა კაშხლის მშენებლობის ზონიდან 5 844 ხე გადარგეს.