ამერიკის საელჩო: ახალგაზრდებისთვის განათლების ხელშეწყობა და შესაძლებლობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი დიდი ინვესტიციაა საქართველოში

ახალგაზრდებისთვის განათლების ხელშეწყობაზე საუბრობს ამერიკის საელჩო და აჭარაში ელჩ დეგნანის ვიზიტზე ავრცელებს ინფორმაციას.

„ახალგაზრდებისთვის განათლების ხელშეწყობა და შესაძლებლობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი დიდი და საამაყო ინვესტიციაა საქართველოში. ათწლეულებია ჩვენი გაცვლითი პროგრამები ქმნის სამუდამო კავშირებს ჩვენს ხალხებს შორის და ხელს უწყობს ახალგაზრდებს მიღებული ცოდნა ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაქმნელად გამოიყენონ.

ამ ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია თქვენი, ახალგაზრდების მოსმენა და გამოცდილების გაზიარება. აჭარაში ვიზიტისას ელჩი დეგნანი ათობით სტუდენტსა და მოსწავლეს შეხვდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხულოს ამერიკულ თაროსა და საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. დიდი მადლობა მასპინძლობისა და დასამახსოვრებელი საუბრებისთვის“, - წერია საელჩოს Facebook-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.