საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მარტში თურქეთიდან მედიკამენტების უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა.
მისივე თქმით, სამინისტრო იმპორტის შემთხვევებსაც მკაცრად აკონტროლებს და შეზღუდვები არ ყოფილა.
„ვერც თურქეთში, ვერც სხვა კომპანიებთან, რომლებსაც თურქეთიდან შემოაქვთ მედიკამენტები, მსგავსი შეზღუდვები ვერ ვნახეთ. არა მხოლოდ თურქეთიდან, შეიძლება იმავე საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, შვეიცარიაშიც – საიდანაც შემოდის მედიკამენტები. ჩვენ იმპორტის შემთხვევებსაც მკაცრად ვაკონტროლებთ და ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთიდან ყველაზე მაღალი იმპორტი არის მარტში. ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტები იანვარშიც, თებერვალშიც და მთელი გასული წლის განმავლობაში აქტიურად შემოდიოდა.
მარტში უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა, აპრილშიც წარმატებით გრძელდება. საელჩოს მეშვეობით მომწოდებლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია, ჩვენს კოლეგებთან და [დეფიციტის] არანაირი საფუძველი არ არსებობს. სადმე რამე თუ შეიზღუდა, იქნებოდა თანდართული ბრძანება. არ გაგიკვირდათ? რატომ არ კითხულობთ, რა არის შეზღუდული? ასე ხომ არ არის, ვიღაცამ თქვა და შეიზღუდა, უნდა იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში განაცხადეს, რომ გარკვეულ მედიკამენტზე თურქი მომწოდებლების მხრიდან მოწოდების შეზღუდვა შეიქმნა, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.