საუკუნეებ გამოვლილი ბერიკაობა კახეთშიღა შემორჩა, კონკრეტულად კი გომბორის უღელტეხილზე. ბერიკაობის წეს-ჩვეულებებიდან ბოლო დროს მხოლოდ კოსტუმები შემორჩა. ახლანდელი ბერიკები ძირითადად ფულს გზებზე აგროვებენ და ეს სწორედ გომბორზე ხდება.კოვიდშეზღუდვების გამო, მანქანების ნაკადმა რომ იკლო, ბერიკებმა წაღვერი-ბაკყრიანის გზაზე გადაინაცვლეს.
მართალია, მათ უმეტესად ხურდას სწირავენ, მაგრამ ზოგჯერ თითო ბერიკა 100 ლარსაც შოულობს. თუ ვინმემ დიდი თანხა გაიღო, მას დოლის დაკვრითაც დააჯილდოებენ. ბერიკაობა თავდაპირველად საკულტუ-რელიგიური ხასიათის იყო და ნაყოფიერება-შვილიერებას უკავშირდებოდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ თეატრალური ხასიათი შეიძინა და ქართული თეატრის წინამორბედადაც კი ითვლება. თავად კლასიკური თეატრის ისტორია კი საქართველოში გიორგი ერისთავის მიერ 1850 წელს პროფესიული დასის ჩამოყალიბებისა და მისივე პიესის „გაყრის" თბილისში დადგმიდან იწყება.
სახალხო ბერიკაობაში მხოლოდ კაცები მონაწილეობდნენ. ქალები და მოზარდები ცალკე წარმოდგენას მართავდნენ. ბერიკები საქართველოს ისტორიას გადმოსცემდნენ. მხოლოდ მათ შეეძლოთ, გავლენიანი პირების გაშარჟება. მეფე კი ხელშეუხებელი იყო. ბერიკები თბილისში მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ, მაგრამ ვინაიდან დედაქალაქში კლასიკური თეატრი უკვე განვითარებული იყო, მათ შორის - ოპერა და ბალეტი, ფეხი ვერ მოიკიდეს. დღევანდელი ბერიკები ძირითადად ყვარლის სოფლებიდან არიან და შემორჩენილ ტრადიციას არც ამ წელს უღალატეს.