უკრაინის დედაქალაქის ცაზე ნათებამ გამოიწვია დაბნეულობა და განგაში, რადგან ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს გამოწვეული იყო NASA-ს თანამგზავრის ატმოსფეროში შეღწევით, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო NASA კი უარყოფს, რომ კიევის თავზე მისი თანამგზავრი ჩამოვარდა.
NASA-ს სპიკერმა AFP-ს განუცხადა, რომ კიევის თავზე უჩვეულო ნათების დროს თანამგზავრი ჯერ კიდევ ორბიტაზე იყო.
უკრაინის განმარტებით, კიევის თავზე ნათება კოსმოსური თანამგზავრის ჩამოვარდნამ გამოიწვია.
კიევის ცაზე უჩვეულო ნათება გასულ ღამით, დაახლოებით 22:00 საათისთვის შენიშნეს. ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტოს(NASA) თანამგზავრი ჩამოვარდა. მისივე თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა არ ჩართულა და ხმელეთზე შესაძლო მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, მხოლოდ განგაში გამოცხადდა.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის საფრთხე არ ყოფილა. უკრაინელი სამხედროების წინასწარი შეფასებით, კიევის თავზე აფეთქება თანამგზავრის/მეტეორიტის ჩამოვარდნასთან იყო დაკავშირებული.