ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სცადეს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება, რომლებმაც თავდამსხმელებს გაუწიეს წინააღმდეგობა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლების დაუყოვნებლივ გამოჩენისთანავე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სწრაფად დატოვეს ტერიტორია.
„ამჟამად მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. მოქალაქეები გამოკითხვის მიზნით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან.
აღნიშნული მძიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ცენტრალური ხელისუფლება, მკაცრად დააყენებს აღნიშნულ საკითხს მიმდიანრე წლის 27 აპრილს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. მსგავსი უკანონო ქმედებები უკოდურესად აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მყიფე გარემოს“, - აცხადებს სუს-ი.