გლობალური სამხედრო ხარჯები ახალ რეკორდს აღწევს, რაც გამოწვეულია ევროპული ხარჯების მკვეთრი ზრდით. ევროპის სამხედრო ხარჯები 2022 წელს 13%-ით გაიზარდა, ხოლო უკრაინის სამხედრო ხარჯებმა ერთწლიან ყველაზე მაღალ ზრდას 640%-ით მიაღწია. ამის შესახებ Anadolu წერს.
ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მსოფლიო სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 2,24 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 3,7%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ევროპამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად სამხედრო ხარჯების ყველაზე მკვეთრი ზრდა დააფიქსირა.
ამ მონაცემს სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი (SIPRI) ავრცელებს.
„ბოლო წლებში გლობალური სამხედრო ხარჯების მუდმივი ზრდა იმის ნიშანია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სულ უფრო დაუცველ სამყაროში“, - ამბობს ორგანიზაციის სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის უფროსი მკვლევარი ნან იანტი.
მისივე თანახმად, სახელმწიფოები აძლიერებენ სამხედრო ძალას უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს საპასუხოდ, რომლის გაუმჯობესებას ისინი უახლოეს მომავალში არ მოელიან.
ცენტრალურმა და დასავლეთმა ევროპამ გასულ წელს 345 მილიარდი დოლარი დახარჯა და პირველად გადააჭარბა 1989 წლის ხარჯებს, როდესაც ცივი ომი დასრულდა. ფინეთის სამხედრო ხარჯები ყველაზე მკვეთრად გაიზარდა 36%-ით, რასაც მოჰყვება ლიეტუვა 27%-ით, შვედეთი 12%-ით და პოლონეთი 11%-ით.
რუსეთის სამხედრო ხარჯები გასულ წელს გაიზარდა დაახლოებით 9,2%-ით და მიაღწია 86,4 მილიარდ დოლარს, ხოლო ქვეყანამ მეხუთე ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
2022 წელს უკრაინის სამხედრო ხარჯებმა 44 მილიარდ დოლარს მიაღწია. „640%-იანი ზრდა იყო ქვეყნის სამხედრო ხარჯების ყველაზე მაღალი ზრდა ერთ წელიწადში, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა SIPRI-ის მონაცემებში.
აშშ ყველაზა მეტს ხარჯავს - მისმა სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 877 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0,7%-ით მეტია. ქვეყანამ შეადგინა მთლიანი გლობალური სამხედრო ხარჯების 39%. შტატები ამ მონაცემით პირველ ადგილზეა.
„აშშ-ს სამხედრო ხარჯების ზრდა 2022 წელს დიდწილად განპირობებული იყო უპრეცედენტო ფინანსური სამხედრო დახმარების დონით, რომელიც მან უკრაინას გაუწია. აშშ-ის ხარჯების მასშტაბიდან გამომდინარე, პროცენტული თვალსაზრისით უმნიშვნელო ზრდაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ დონეზე“, - განაცხადა ტიანმა.