ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი მცდელობაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, შეაფერხონ, დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
„საქართველოს მთავრობა და პარლამენტი თანმიმდევრულად მუშაობს ევრო რეკომენდაციების შესრულებაზე. პრაქტიკულად ორი რეკომენდაცია დარჩა, რომელთან დაკავშირებითაც კიდევ გვაქვს სამუშაო პარლამენტში. ვთვლით, რომ საქართველო მზად იქნება, წარადგინოს ევრო რეკომენდაციების შესრულების სამუშაო ისე, რომ ევროკავშირს ჰქონდეს შესაძლებლობა და საფუძველი, რომ მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო იმსახურებს.
ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე რეალური პროგრესი აქვს, უკვე დაადასტურა წინა თვეებში ევროკომისიის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა. ბუნებრივია, შემდეგი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ პროგრესს ვაჩვენებთ, რათა რაიმე კითხვის ნიშანი ჩვენი მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, გამოირიცხოს.
სამუშაო, რომელსაც ჩვენ შევასრულებთ, ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მეორე მხარესაა ის, ევროკავშირმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საერთო კონტექსტის გათვალისწინებით იქნება მიღებული. ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი მცდელობაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, შეაფერხონ, დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა. ასევე, ეს უკავშირდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიცია პირდაპირ გამოთქვამს წუხილებს და „დახმარებას სთხოვს“ ევროპელ პარტნიორებს, რომ როგორმე საქართველოს არჩევნებამდე კანდიდატის სტატუსი არ მისცენ", - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.