ელჩი დეგნანი იმედოვნებს, რომ პარლამენტის წევრები საგამოძიებო კომისიის ინსტრუმენტს სრულად გამოიყენებენ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასებით, საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი პარლამენტში, რომელიც ემსხურება იმას, რომ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, რომელზეც საზოგადოების ინტერესი დიდია, არსებობდეს მეტი ინფორმაცია. ამის შესახებ კელი დეგნანმა მედიას შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ელჩის შეფასებით, საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი იმ საკითხების გამოსაკვლევად, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და გამჭვირვალობას, მეტ ინფორმაციას მოითხოვს, რაც კელი დეგნანისვე შეფასებით, ქართველ ხალხს საშუალებას აძლევს, უფრო ინფორმირებული იყოს და მეტად გამჭვირვალე გახადოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

„საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი პარლამენტში, რომელიც ემსხურება იმას, რომ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, რომელზეც საზოგადოების ინტერესი დიდია, არსებობდეს მეტი ინფორმაცია, ჩატარდეს მოკვლევა, რათა საზოგადოება იყოს უფრო მეტად ინფორმირებული და ეს ასევე ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და სასარგებლო მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ბევრ სხვადასხვა პარლამენტში, მათ შორის აშშ-ის კონგრესში და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი და პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ამ ინსტრუმენტს, რომელიც მათ შექმნეს თავიანთი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

შეკითხვა ეხებოდა ოპოზიციის მოთხოვნას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. საუბარია მოსამართლეებზე, რომლებსაც შეერთებულმა შტატებმა სავიზო აკრძალვები დაუწესა.