აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ეს ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის.
„აშშ ღრმად არის შეშფოთებული, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს. შეერთებული შტატები მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. ადამიანებს ლაჩინის დერეფანში თავისუფალი გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. მოვუწოდებთ, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და თავი შეიკავონ საზღვრის გასწვრივ პროვოკაციებისგან და მტრული ქმედებებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ლაჩინი-ხანქენდის გზაზე საგუშაგოს გახსნა საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაშია და სომხეთმა უნდა მიიღოს და პატივი სცეს აზერბაიჯანის უფლებას უზრუნველყოს კონტროლი მის ტერიტორიაზე შესვლასა და გასვლაზე.
თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ სომხეთი, როგორც 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ხელმომწერი მხარე, მიუღებლად მიიჩნევს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს მოწყობას და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, ლაჩინის დერეფნიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანა უზრუნველყოს.