9 მაისს, როდესაც რუსეთში გამარჯვების დღე აღინიშნება, მოსკოვს ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი ეწვევა.
როგორც ჩანს, ის იქნება უცხო ქვეყნის ერთადერთი ლიდერი, რომელიც რუსეთის დედაქალაქს გამარჯვების დღეს ეწვევა. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ცნობით, ამის შესახებ „ვედომოსტი“ დიპლომატიურ და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ჯაფაროვის ვიზიტი ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა არ უპასუხა გამოცემის შეკითხვებს.
2022 წელს მოსკოვში 9 მაისის აღლუმი უცხოელი ლიდერების მონაწილეობის გარეშე გაიმართა, რაც უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა. პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ კრემლს უცხოელი სტუმრები არ დაუპატიჟებია.
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთმა წელს უარი თქვა აღლუმის გამართვაზე „ხარჯების დაზოგვისა და სხვა საკითხების გამო".