აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ქვეყანა, სადაც ამ დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტი გამოიგონეს, კვლევების დასრულებას ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ჯანმოს მითითებებსა და გაიდლაინებს ეყრდნობა.
პრემიერის განმარტებით, სახელმწიფოს წამალზე უარი არ უთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა „ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, „ამორალური ქმედება“ დაასრულონ და ნუ იყენებენ ამ ადამიანებს, მათ მშობლებს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის“.
„200 ქვეყანაში მთელ მსოფლიოში, არცერთი სახელმწიფო არ აფინანსებს ამ მედიკამენტებით მკურნალობას და ჩვენ გვეუბნებიან, ამ ორასი ქვეყნიდან საქართველო იყოს განონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც დაუშვებელია.
ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ამ 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ვეყრდნობით კვალიფიციურ აზრებს. ჩვენ დაველოდებით რამდენიმე თვე, გვაქვს კონტაქტი წამლის მწარმოებელ კომპანიასთან, ჯანმოსთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს მკურნალობას, ჩვენც ჩავერთვებით ამ პროგრამაში“.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვუყურებთ ვნებათაღელვას, რომელიც შექმნილია აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მოადგილემ, ძალიან ავტორიტეტულმა ექიმებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს ამომწურავი კომენტარი და განმარტება მისცეს ოჯახებს, მშობლებს, მინისტრიც შეხვდა თავად და არაერთი საუბარი შედგა, ჯერ კიდევ რჩება კითხვები და სამწუხაროდ, ხდება გაუგონარი რამ: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც სიყალბითა და ფარისევლობით გამოირჩევიან, ცდილობენ, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აქვე პრემიერმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.
„სახელმწიფო, მთავრობა მათ გვერდით დგას და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა მათ ვთხოვო, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ. არავის არ გახსენებია, არცერთ პოლიტიკოსს ამ ბავშვების ბედი, არც მაშინ, როცა ხელისუფლებაშ იყვნენ, და არც ახლა, როცა ოპოზიციაში არიან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.