აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს, პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეთ - ომბუდსმენი

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები შეუქმნან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლის შემდეგ განაცხადა.

„როდესაც პრობლემა დადგა, პირველი დღიდანვე ჩავერთეთ პროცესში. სახალხო დამცველის აპარატის მეცადინეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფში დღემდე აქტიურად ვმონაწილეობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება აქციას, ჩვენ ამ აქციის მიმართ მონიტორინგი არ შეგვწყვეტია, გამოხატვის თავისუფლების ნაწილში რაიმე ტიპის შეზღუდვას თუ ექნება ადგილი, ან რაიმე პრობლემა იქნება, აქაც ჩართულები ვართ და მონაწილეობენ ჩვენი აპარატის თანამშრომლები.

მეც ადამიანურად ძალიან მაწუხებს, რომ ამ ადამიანებს კანცელარიაში არ ეძლევათ საშუალება პირადი ჰიგიენის საკითხები მოიწესრიგონ. მოვუწოდებდი კანცელარიის ადმინისტრაციას, რომ მისცენ მათ შესაძლებლობა ისარგებლონ საპირფარეშო იქნება, თუ ხელდასაბანი. მნიშვნელოვანია არ იყოს შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი ღირსებულ პირობებში შეეძლოთ ამის გაკეთება“,- აღნიშნავს იოსელიანი.


ცნობისთისსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოში წამლის შემოტანას ითხოვენ.

აქონდროპლაზია ყველაზე გავრცელებული ფორმაა სკელეტური დისპლაზიისა [ძვლოვანი სტრუქტურის ზრდის შეფერხება, ანომალიური განვითარება].

იგი 40000-ში ერთ ახალშობილს უდგინდება და ხასიათდება კიდურების ზრდის შეფერხებით და იწვევს ხერხემლისა და თავის ქალის ანომალიურ განვითარებას.