„ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ, რომ კოლეგებს ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, 12 პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან სტრასბურგში, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.
მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ამ ყველაფერზე დისკუსიის საშუალებას გვაძლევს.
„ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ, რომ კოლეგებს ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, 12 პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე.
ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ამ ყველაფერზე დისკუსიის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რჩება ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა დასრულდეს მუშაობა - ეს არის დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმის თემები. ამ ყველაფერზეც მივაწვდით კოლეგებს ინფორმაციას ამ ფორმატშიც. გვექნება შეხვედრა ორივე მომხსენებელთან და ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით, როგორ ვითარდება პროცესები ქვეყანაში.
მათთან ერთად ვიმსჯელებთ იმ ანგარიშზეც, რომელიც მათ გამოაქვეყნეს ცოტა ხნის წინ. ჩვენ გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები და ჩვენს მოსაზრებებს ორივე მომხსენებელს გავუზიარებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში, რომელიც დღეს გაიხსნა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.
სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.
საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც 25, 26 და 27 აპრილს გაგრძელდება, გაიმართება დებატები მაისში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც შეაფასებს რუსეთის ომს უკრაინაში და მის გავლენას ევროპის კონტინენტზე. ასევე, გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით.
სესიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას. დელეგაციის წევრებს ექნებათ სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან, სხვადასხვა კომიტეტში.