„რეგიონული უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული ვითარების ფონზე, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას“, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკომისარი აცხადებს, რომ სხდომის მონაწილეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, კერძოდ, ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მდგომარეობაზე იმსჯელეს.
საგარეო უწყების ცნობით, 24 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რათა განვიხილოთ რეფორმების პროცესის მიმდინარეობა, განსაკუთრებით, 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მედეგობის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული ვითარების ფონზე“, - წერს ვარჰეი Twitter-ზე.
19 აპრილს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა.