აშშ-ის ხელმძღვანელობით, მასშტაბური წვრთნები - „დამცველი 23“ მიმდინარეობს

22 აპრილს აშშ-ის ხელმძღვანელობით მასშტაბური წვრთნები დაიწყო. წვრთნებში 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან, დაახლოებით, 9000 ამერიკელი ჯარისკაცი და დაახლოებით, 17 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლება 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება.

Defender 23-ს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია ხელმძღვანელობს.

პენტაგონის განმარტებით, წვრთნების მიზანია აშშ-ის არმიის უნარის დემონსტრირება, სწრაფად განათავსოს საბრძოლო სანდო ჯარები და აღჭურვილობა. ასევე, მოკავშირეების დარწმუნება, რომ მათ შესწევთ უნარი, დაიცვან კონტინენტი პოტენციური აგრესიისგან და მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში.

„წვრთნები ასევე ასახავს ევროპული ქვეყნების ვალდებულებას, გაზარდონ საკუთარი სამხედროების მასშტაბები, შესაძლებლობები და თავსებადობა“, - აცხადებენ პენტაგონში.

ინფორმაციისთვის, შეერთებული შტატების გარდა, წვრთნებში მონაწილეობენ: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, კოსოვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.


განახლება: პენტაგონის ვებგვერდზე აღარ არის მითითებული მონაწილე ქვეყნების სია. განმარტებულია, რომ მასალა რედაქტირებულია. „ბოდიშს ვიხდით იმ შესაძლო გაურკვევლობის გამო, რაც შეიძლება, ამას გამოეწვია“, - წერს პენტაგონი. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, ეს განმარტება ეხება თუ არა საქართველოსაც.

სწავლებაში ამ დროისთვის მონაწილე ქვეყნების სიაში კი, საქართველო არ წერია: კერძოდ, ამჟამად, წვრთნებში მონაწილე სახელმწიფოებში შედიან, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები, თუმცა სია მხოლოდ ამ ქვეყნებით არ შემოიფარგლება.

ევროპასა და აფრიკში აშშ-ის არმიის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები დინამიკური და ხშირად ცვალებადი მოვლენაა, მონაწილე ქვეყნები კი, შეიძლება, შეიცვალონ ნებისმიერი მიზეზის გამო.

ასევე წაიკითხეთ: დაბნეულობა სომხეთის მონაწილეობის შესახებ აშშ-ის ხელმძღვანელობით დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში

განახლება: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველო წელს ოც საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს.

„შეიძლება, კონკრეტული სწავლება იყოს სხვადასხვა ლოგისტიკურ ხარჯთან, სხვადასხვა სირთულესთან დაკავშირებული. ჩვენ ამაში პრობლემას [ვერ ვხედავთ და] ვერავინ ვერ უნდა ხედავდეს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს საქართველო „Defender 23“-ში.

„ჩვენი სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას საქართველოში. ასევე, რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზეა ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, ამით სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა 30 აპრილს, ქართული შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნავი ღონისძიებების შემდეგ, მედიასთან საუბრისას.

ევროპის დამცველი 21 – ში აშშ-ის პარტნიორი და მოკავშირე სახელმწიფოების ყველაზე დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. სწავლებაში 25 სხვა ქვეყანასთან ერთად საქართველოც მონაწილეობდა.

სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი“ პირველად, 2020 წელს ჩატარდა. 

 2021 წლიდან, წვრთნები ოფიციალურად, ყოველწლიურად იმართება.

ბმულზე ნახეთ „ევროპის დამცველი 22“-ის მონაწილეთა სიაც.