საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ძალისხმევით განხორციელდა.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მისივე თანახმად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით მოქმედებდა ხართუმიდან მოქალაქეების საევაკუაციო ოპერაციაში.
„შეიარაღებული კონფლიქტის ზონიდან ევაკუირებულია უკრაინის 87 მოქალაქე, ძირითადად საავიაციო სპეციალისტები - პილოტები, ტექნიკოსები და მათ ოჯახის წევრები. ასევე, ევაკუირებულნი არიან საქართველოს და პერუს მოქალაქეები. მთლიანობაში 138 მოქალაქე, მათ შორის 25 ქალი და 12 ბავშვი“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, „საქართველოს მოქალექეების გამოყვანა მოხდა ქართული მხარის ძალისხმევითა და დაგეგმვით".
ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. არეულობას მოჰყვა მსხვერპლი. რიგმა ქვეყნებმა დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციაც განახორციელეს.
ქვეყნის დედაქალაქ ხართუმში მივლინებით იმყოფებოდა ავიაკომპანიების, Geo Sky-სა და MyWay-ს 33 თანამშრომელი. მოგვიანებით ისინი შედარებით უსაფრთხო რაიონში გადაიყვანეს. Geo Sky-ის ხელმძღვანელმა შალვა კიკნაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეების ავტობუსებით გამოყვანა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ავიაკომპანიის მიერ იყო ორგანიზებული. პროცესში ჩართული იყო უკრაინული მხარეც.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა.