საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღე ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე აღინიშნა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ მიულოცეს.
სიტყვით მიმართვისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ლოჯისტიკოსებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი – საშტატო იარაღი გადაეცათ, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდნენ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის კი, მედლები „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადაეცათ. ასევე, სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრები გადაეცათ და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობა გამოეცხადათ.
სტუმრებმა ბაზაზე გამოფენილი შეიარაღებაც დაათვალიერეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.