საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„15 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ამ ომში მონაწილე ჩვენი ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლით, რისკის ფასად იცავდნენ სამშობლოს, ღირსებას, თავისუფლებას. ესაა ჯარისკაცის ვალი, რომელიც ჩემმა მეუღლემ ღირსეულად მოიხადა. მიუხედავად ჩემი პირადი ტრაგედიისა, არასოდეს მიფიქრია, რომ გიორგის სხვაგვარად შეეძლო მოქცევა, ან მოიქცეოდა დღეს, ცოცხალი რომ ყოფილიყო და სამშობლოს კვლავ დასჭირვებოდა მისი სიცოცხლე.

გიორგი ანწუხელიძე ჩემთვის არ არის მხოლოდ ოჯახის წევრი, ის ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ქართველისთვის, არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ასეთი მაგალითები ქმნიან ჩვენს ისტორიას, ეროვნულ თვითშეგნებას და ვალდებულებებს.

ჩემი მეუღლის სტატუსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საჯაროდ ნაკლებად დავაფიქსირო ჩემი სუბიექტური მოსაზრებები სხვადასხვა თემაზე და მხოლოდ იმ საკითხებზე გამოვთქვა აზრი, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის საერთო, სასიკეთო მიზნებს, ღირებულებებს, აუცილებელ პრინციპებს ეხება.

ვცდილობ, ჩემი პოზიციებით ისეთი შეხედულებები გამოვხატო, რომლებიც არ დატოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას და არ დაემთხვევა რომელიმე საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს. მიმაჩნია, რომ მით უმეტეს, არაა მიზანშეწონილი, ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, თუნდაც ირიბად, მათგან დამოუკიდებლად ჩართოს რაიმე პოლიტიკურ დღის წესრიგში.

არ ვფიქრობ, სწორი იყოს კონკრეტულად ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში. დღეს მათ არ აქვთ და ვერ ექნებათ ყველა ფაქტსა და მოსაზრებაზე საკუთარი შეხედულება, ამიტომ, ჩემი მოვალეობაა სხვათა მოსაზრებებისგან მათი დისტანცირება მანამ, სანამ თავად არ ექნებათ სრულყოფილი საშუალება, გადაწყვიტონ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია სხვადასხვა თემაზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ბავშვების უფლებები და ჩემი დამოკიდებულება. იმედი მაქვს, ეს საჯარო თხოვნა მიაღწევს ადრესატამდე, კონკრეტული ფაქტებისა და ადამიანების დასახელების, ზედმეტი განხილვების გარეშე“, - წერს მაკა ჩიკვილაძე. 


ცნობისთვის, 2004 წელს, გიორგი ანწუხელიძე ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. 2005 წლის 23 აპრილიდან 2006 წლის პირველ აგვისტომდე, სამხედრო სამსახური მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონში განაგრძო. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე, ანწუხელიძე სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა. 2008 წლის 17 აპრილიდან, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა.
 
უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა.
 
ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.
 
გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.
 
2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.