პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განვიხილეთ

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ზბიგნევ რაუმ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ცოტა ხნის წინ საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში.

ყველა ამ საკითხში, პოლონეთი ცდილობს იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება. ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს. პატივცემულო ილია, კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისთვის", - აღნიშნა მინისტრმა IPN-ის ცნობით.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.