ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია.
„საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპისათვის ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.
საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.