რა თქმა უნდა, 2012 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 2012 წლამდე ქვეყანაში იყო „დემოკრატიის შუქურა“, მოისმენდით ასეთ განცხადებებს, ახლა არის გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა რეალურად აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ".
„2012 წლის შემდეგ დემოკრატიის თვალსაზრისით, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გრძნობს საკუთარ თავზე. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რას გრძნობს საკუთარ თავზე. ძალიან მარტივია გავაკეთოთ შედარება, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს.
არის რეფორმები გასატარებელი? - კი ბატონო, მაგაში გეთანხმებით, რეფომები უნდა გაგრძელდეს. გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები, გვაქვს მიღწევები და, რა თქმა უნდა, ეს გზა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის ამ ურთულეს გზაზე, განსახორციელებელი რეფორმების თვალსაზრისით და ყველა იმ გასაკეთებელი საქმით, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცხადა კალაძემ.