სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა და საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) გამოყენებული იყო მოცემულ საქმეზე ოკუპირებულ ცხინვალში ქართულ სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" ჩადენილი დანაშაულების - მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, სახლების გადაწვის, გაძარცვის, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის - მიმართ.
სასამართლომ შენიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ შეწყვიტა ევროპის საბჭოს წევრობა 2022 წლის 16 მარტს, ასევე აღარაა კონვენციის მომხრე.
სტრასბურგი ამბობს, რომ ეს არ ათავისუფლებს რუსეთს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისგან ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომელიც შესრულდა იმ თარიღამდე, როდესაც იგი შეწყვეტდა კონვენციის მხარედ ყოფნას.
ამასთან, დანაშაულები მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების დაწვასა და გაძარცვას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობას. ხაზგასმულია, რომ რუსეთი არ ასრულებდა პროცედურულ ვალდებულებას, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება იმ დანაშაულებზე, რომლებიც აქტიური კონფლიქტის დროს, ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ხდებოდა.
სასამართლო ამბობს, რომ წინამდებარე საქმეში, ფაქტები, რომლებიც წარმოშობს ძირითად გადაწყვეტილებაში აღმოჩენილ დარღვევებს, მოხდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე.
ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.