ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ „სპეკულაციური“ და „მანიპულაციური“ უწოდა კითხვას, თუ რატომ არ მიიღეს ქართველმა დეპუტატებმა მონაწილეობა ასამბლეის გუშინდელ სხდომაზე, სადაც უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს.
„დღეს დილით მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გვქონდა, გვაქვს კომიტეტი და ასე შემდეგ. ეს არის მანიპულაცია, რადგან ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა საკითხს შეერთებული ვართ. შესაბამისად, ეს არის მორიგი მცდელობა, აწიოთ თემა, რომ თითქოს, უკრაინას რაღაცაში მხარს არ ვუჭერთ. მანიპულაციურ განცხადებებს მორჩით! მინისტრთან შეხვედრა ერთი თვით ადრე იყო დაგეგმილი.
ამიტომ, დელეგაციამ მუშაობა დაასრულა და წამოვიდა. ეს არის სუფთა სპეკულაცია, რომელიც აწეულია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და თქვენ ამას ხელს უწყობთ. ჩვენ ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული და ამ მხრივ გამონაკლისი არ არსებობს - იმაზე საუბარი, რომ თითქოს, საქართველოს დელეგაცია რაღაცას არ უერთდება, არის სრული სპეკულაცია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ მედიასთან.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ბავშვების დეპორტაციის შესახებ PACE-ს რეზოლუცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს დელეგაციის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციაში იყვნენ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ირაკლი ჩიქოვანი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“, წევრი ეკა სეფაშვილი.